Loading data...
Bloomberg: დმიტრიევს და უშაკოვს სურდათ, რომ უიტკოფს რუსეთის „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის მიერ შექმნილ გეგმად წარმოედგინა

ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელ კირილ დმიტრიევს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის დროსაც მათ განიხილეს, თუ როგორ მიეწოდებინათ საკუთარი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტი დონალდ ტრამპის გუნდისთვის, რათა ამერიკულ მხარეს ეს იდეები საკუთარი ინიციატივის სახით წარედგინა. საუბრის ჩანაწერი გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა.

უშაკოვსა და დმიტრიევს შორის სატელეფონო საუბარი 29 ოქტომბერს შედგა. რუსმა ოფიციალურმა პირებმა დოკუმენტის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისთვის გადაცემა განიხილეს.

მათი გეგმის თანახმად, უიტკოფს რუსული შეთანხმების პროექტი უნდა მიეღო და უკრაინაში ომის მოგვარების საკუთარ გეგმად წარედგინა.

„არა, მისმინე. ვფიქრობ, ამ ნაშრომს ისე შევადგენთ, თითქოს ეს ჩვენი პოზიცია იყოს და მე უბრალოდ არაფორმალურად პირდაპირ განვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი არაფორმალურია. და ისე გააკეთონ, თითქოს ეს მათი იყოს. მაგრამ, არა მგონია, რომ ჩვენი ვერსია ზუსტად მიიღონ, მაგრამ, სულ მცირე, რაც შეიძლება ახლოს იყოს მასთან“, - ციტირებს სააგენტო დმიტრიევის სიტყვებს.

საპასუხოდ, უშაკოვმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აშშ-ს შეეძლო პროექტში ცვლილებების შეტანა და შემდეგ იმის მტკიცება, რომ დოკუმენტი რუსულ მხარესთან იყო შეთანხმებული.

დმიტრიევმა კი უშაკოვი დაარწმუნა, რომ უიტკოფს სთხოვდა, შეენარჩუნებინა ფორმულირება „სიტყვასიტყვით“ და ყველაფერი „ფრთხილად“ გაკეთდებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უშაკოვს მოგვიანებით შეეძლებოდა ამ დოკუმენტის პირადად განხილვა უიტკოფთან.

მანამდე სააგენტომ ასევე წარმოადგინა უიტკოფსა და უშაკოვს შორის 14 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. საუბრის დროს უშაკოვმა უიტკოფს რჩევა მისცა, თუ როგორ შეეძლო რუსეთს, დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებები საუკეთესოდ წარედგინა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ კრემლის პირდაპირი მონაწილეობით, კიევის, ან მისი ევროპელი მოკავშირეების ცოდნის გარეშე მომზადდა.