Loading data...
Bloomberg: აშშ-მა შესაძლოა, ევროპიდან დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე გაიყვანოს

აშშ ამჟამად ევროპაში თავისი სამხედრო კონტინგენტის იმაზე ნაკლები რაოდენობით შემცირებას გეგმავს, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი. შესაძლოა, საუბარი იყოს დაახლოებით 5 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, ნაცვლად 25 ათასისა. ამის შესახებ Bloomberg-მა ინფორმირებული წყაროებისგან შეიტყო.

ადრე ევროპელი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ აშშ-ს შეეძლო ჯარების რაოდენობა 25 000-მდე შეემცირებინა, თუმცა, ინფორმირებული წყაროების ცნობით, ამჟამად უფრო მცირე მასშტაბის შემცირებაა მოსალოდნელი, რადგან აშშ-მა დადებითად შეაფასა ნატოს თავდაცვის ხარჯების ზრდა.

ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მოკავშირეები ამჟამად ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის დაახლოებით 5 000 ადამიანით შემცირებას ელიან.

წყაროების ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელობამ ასევე გააცნობიერა, თუ რამდენად არიან დამოკიდებულნი აშშ-ის სამხედრო ძალები მთელი ევროპის მასშტაბით განლაგებულ სამხედრო კონტინგენტზე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალის დემონსტრირებისთვის, სადაც ირანთან ომი კვლავ გრძელდება.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს, რომელმაც არაერთხელ გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომში არ ეხმარებიან.

პენტაგონის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ განხილვა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დამატებით გამოსაცხადებელი არაფერია.