Bloomberg: აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს მოკავშირეებს, შეწყვიტონ რუსული ენერგიის შეძენა
შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსული ენერგორესურსების შეძენა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის დროს გაავრცელეს.
მედიის ცნობით, თურქეთი რუსული ნავთობის სიდიდით მესამე მყიდველია ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ. მისმა ნავთობგადამმუშავებელმა ქარხნებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვების შემცირება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები დაუწესა, თუმცა ქვეყანას არ აქვს შესყიდვების სრულად შეჩერების გეგმა.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი, ასევე, თურქეთისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია და ორივე მხარე ამჟამად გრძელვადიან კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან არსებული შეთანხმებების ვადა წლის ბოლოს იწურება.
ექსპერტების თქმით, აშშ-ის ზეწოლამ, შესაძლოა, თურქეთს „თავის ტკივილი შეუქმნას“. თუმცა, შესყიდვების დივერსიფიკაციით, ანკარა, როგორც ჩანს, კარგ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდა, ასევე უარი ეთქვა რუსულ ნავთობსა და გაზზე.