Bloomberg: აშშ-მა და ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დეტალური გეგმა მოამზადეს
შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ შეიმუშავეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურ, მკაცრ და სერიოზულ ზომებს განმეორებითი აგრესიისგან რუსეთის შესაკავებლად. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ გეგმის თანახმად, ომის შემდგომი შეკავების პირველი ხაზი უკრაინის არმია უნდა იყოს, რომელიც დაახლოებით 800 000 ადამიანს ითვლის. ამავდროულად, მოსალოდნელია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და სხვა დამხმარე პროგრამები გაგრძელდება უკრაინელი ჯარისკაცების სათანადოდ მომზადების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, შეერთებულ შტატებს მოეთხოვება დაზვერვის მონაცემების მიწოდება და მონიტორინგის ჩატარება, რათა თვალყური ადევნოს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას დემარკაციის ხაზის გასწვრივ. საუბარია, კერძოდ, რუსეთის შესაძლო ოპერაციებზე ცრუ დროშის ქვეშ.
გარდა ამისა, „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ჯარისკაცები „ნდობის აღსადგენად“ ფრონტის ხაზებიდან მოშორებით განლაგდებიან. ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათ უსაფრთხოების ზომების ფარგლებში უკრაინაში მოქმედების საშუალება ექნებათ.
აშშ-ისა და ევროპის გეგმა ითვალისწინებს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები განახლდება, უკრაინელი სამხედროები თავდაცვის პირველი ხაზი იქნებიან, ხოლო უკრაინის მოკავშირეები ოპერატიულად გამოიყენებენ დიპლომატიურ მექანიზმებს და დეესკალაციის ზომებს, რათა არ დაუშვან კონფლიქტის გაფართოება. თუ ასეთი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება, უკრაინას „სამხედრო მხარდაჭერა“ აშშ-ის შესაძლებლობების ჩართულობით მიეწოდება.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან ამ მრავალშრიანმა მიდგომამ და ვალდებულებებმა უკრაინასა და ევროპაში ოპტიმიზმი გააღვივა.