Bloomberg: აშშ-ის მოკავშირეებს კვლავ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება
აშშ-ის მოკავშირეებს კვლავ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპირისპირო განცხადებებისა. აღნიშნულის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
სააგენტო წერს, რომ პარასკევს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, საზღვაო მისიის შექმნის კუთხით მხოლოდ მცირე პროგრესია მიღწეული.
გარდა ამისა, მოკავშირეები არ სურთ თავიანთი ძალების განლაგება, ვიდრე აშშ-სა და ირანს შორის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება.
კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს სრულ შეთანხმებას საზღვაო ოპერაციის შესაძლო წარმართვასთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს აშშ-მა მასში. დიპლომატებს ახლა სურთ, ნახონ, თუ როგორ განვითარდება სამშვიდობო მოლაპარაკებები.
წყაროების ცნობით, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი სრუტის განბლოკვისა და ომის დასრულების რეალისტურ გეგმას წარმოადგენს, აშშ-ის მოკავშირეებს, სავარაუდოდ, დახმარების გეგმების შემუშავება გაუჭირდებათ.
ოფიციალური პირების თქმით, ამჟამად დიდი ბრიტანეთი იმაზეა კონცენტრირებული, განათავსოს თუ არა რეგიონში არსებული ავტონომიური ნაღმმწმენდი სისტემები სამხედრო გემების ნაცვლად, სრუტეში ტანკერების ესკორტირებისთვის. ამასობაში, საფრანგეთმა არაერთხელ ისაუბრა „ესკორტის სისტემაზე“.
საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, საფრანგეთი ნებისმიერი მისიის დროს მჭიდრო კოორდინაციას ითხოვს ირანთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა მხოლოდ იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ირანთან კონფლიქტში არ ყოფილან, მაგალითად, ინდოეთმა ან სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა.
„გარდა ამისა, რამდენიმე მოკავშირე მიიჩნევს, რომ აშშ-ის ჩართულობას უარყოფითი ეფექტი ექნება“, - დასძინა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
თუმცა, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო სრულ თანხვედრაშია, რომ მისიამ გაეროს მანდატის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. თუმცა, ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ამის მიღწევა რთული იქნება.