Loading data...
Bild: უკრაინამ F-16 გამანადგურებლის დახმარებით რუსული „სუ-35“ ჩამოაგდო

უკრაინამ პირველად ჩამოაგდო რუსული „სუ-35“ დასავლური F-16 გამანადგურებლის დახმარებით. კურსკის მიმართულებით ეს საჰაერო ბრძოლა კიევისთვის ისტორიული გამარჯვება იყო, - წერს Bild.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საჰაერო ბრძოლა 7 ივნისს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაიმართა. სუმის ოლქის თავდაცვის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა თვითმფრინავები გამოიყენეს ქვეყნის შიგნით და რუსეთის კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად.

საპასუხოდ, რუსებმა ბრძოლაში თანამედროვე „სუ-35“ გამოიყენეს. F-16-თან ერთად, უკრაინამ შვედური Saab 340 AEW&C გაუშვა, რომელმაც მოწინააღმდეგის თვითმფრინავი საზღვრიდან 200-300 კმ-ში აღმოაჩინა და კოორდინატები F-16-ს გადასცა.

გამოცემის ცნობით, უკრაინულმა F-16-მა AIM-120 რაკეტა გაუშვა, რომელმაც „სუ-35“ ჩამოაგდო კურსკის ოლქის კორენევოს ქალაქთან. უკრაინული გამანადგურებლები ბაზაზე დანაკარგების გარეშე დაბრუნდნენ.

„საქმე მხოლოდ F-16-ს არ ეხება - თამაშის წესების ნამდვილი ცვლილება შვედურმა AWACS სისტემამ შექმნა, რომელიც რუსულ თვითმფრინავებს ასობით კილომეტრის დაშორებით აღმოაჩენს. Su-35-მა არც კი იცოდა, რომ მასზე თავდასხმა ხორციელდებოდა“, - დაწერა კანადელმა პილოტმა და ავიაციის ექსპერტმა მარკ ბრუკსმა X სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.