ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელს კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი აქვს, რაც ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას
სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ირანის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება კომპრომისების გარეშე და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს მომდევნო ეტაპისთვის „კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი“ აქვს, რაც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ირანის მომავალი თავად ირანელებზეა დამოკიდებული.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანში ცვლილებების შემთხვევაში შესაძლებელია ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის დამყარება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება.
„ჩვენი წარმატება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხის მოხსნას და არა მხოლოდ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობას მოიტანს, ის, ასევე, ჩვენს გარშემო მშვიდობის წრეს გააფართოებს. დღეს ყველა ხვდება, რომ აიათოლათა რეჟიმი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ირანმა მის გარშემო 12 ქვეყანას შეუტია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ.
ყველა ეს ქვეყანა ხედავს ისრაელის უზარმაზარ ძალას, ჩვენს მზადყოფნას, ებრძოლოს ტირანებს თეირანში, ჩვენი არმიისა და ხალხის სიმამაცეს და ჩვენს უზარმაზარ სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბევრი ქვეყანა მოგვმართავს. გეუბნებით, ბევრი ქვეყანა ახლა მოგვმართავს თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ, ასევე, გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უთხრა: „ბიბი, ჩვენ ირანი ნებისმიერ ფასად უნდა შევაჩეროთ.“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტრამპს „ისტორიული ლიდერობისთვის“ და განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის პარტნიორობა „დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერო უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ისრაელს მაშინ, როცა ის ებრძოდა „ჰამასს“, ხოლო ირანში ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე „დუმდა“.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს 2024 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და განაიარაღოს „ჰეზბოლა” და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მძიმე შედეგები ელოდებათ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა „გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად“.