ბენიამინ ნეთანიაჰუ: იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ყველა მძევლის დაბრუნებას ვიხილავთ

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოკლე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ისრაელი უახლოეს დღეებში ღაზაში დაკავებული ყველა მძევლის დაბრუნებას იხილავს.
„ისრაელი ძალიან დიდი მიღწევის ზღვარზეა. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ვიმედოვნებ, რომ ღვთის დახმარებით, უახლოეს დღეებში, თუნდაც სუკოტის დღესასწაულის დროს, ჩვენ შევძლებთ ერთდროულად გამოვაცხადოთ ყველა მძევლის - ცოცხლების და დაღუპულების - დაბრუნების შესახებ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუ აკრიტიკებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყველა მძევლის დაბრუნება ღაზას სექტორის სრულად დატოვების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
მისი თქმით, ისრაელმა ამ ეტაპზე 207 მძევალი დაიბრუნა.
„არასდროს მითქვამს უარი ომის დანარჩენ მიზნებზე. ისრაელის იზოლაციის ნაცვლად, „ჰამასი“ იზოლირებული იქნება“, - აღნიშნავს ისრაელის პრემიერი.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ყველა მძევალი გათავისუფლდება და ისრაელის თავდაცვის ძალები იმ პოზიციებზე გადაინაცვლებენ, რაც მათ ღაზაზე ზედამხედველობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.