Loading data...
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „ჰამასის“ განიარაღების შესახებ „მშვიდობის საბჭოს“ პირობებს „არ დათანხმდა“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაეთანხმა „ჰამასის“ განიარაღების შესახებ „მშვიდობის საბჭოს“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება გასულ კვირას დათანხმდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ საჯარო კომენტარში ნეთანიაჰუმ გაიმეორა „ისრაელის მაღალჩინოსნების“ სახელით ბოლო დღეებში გაჟღერებული განცხადებები, რომ ისრაელი ღაზაში ამჟამად დაკავებული პოზიციებიდან არ გავა, „სანამ „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება“. 

როგორც The Times Of Israel-ი წერს, ნეთანიაჰუს ეს პოზიცია ეწინააღმდეგება განიარაღების გეგმას, რომელიც ისრაელისგან ღაზის სექტორში არსებულ თავდაპირველ „ყვითელ ხაზამდე“ უკან დახევას მოითხოვს. ისრაელმა აღნიშნულ ხაზამდე ჯარები 2025 წლის ოქტომბერში „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაიყვანა, თუმცა მას შემდეგ სექტორზე კონტროლი 53%-იდან 60%-ზე მეტად გააფართოვა.

მიუხედავად იმისა, რომ „მშვიდობის საბჭომ“ მიანიშნა, რომ ისრაელს თავდაპირველ „ყვითელ ხაზს“ მიღმა ჯარების გაყვანა იქამდე არ მოუწევდა, სანამ „ჰამასი“ სულ მცირე იარაღის ჩაბარებას არ დაიწყებდა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები პოზიციებიდან საერთოდ არ დაიძვრებიან, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. 

„[აშშ-ის] პრეზიდენტი [დონალდ] ტრამპი, ან მისი გუნდი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ „ჰამასის“ განიარაღება და ღაზას დემილიტარიზაცია. ჩვენ ამას განვიხილავთ. მათ გამოგვიგზავნეს პროექტი. ჩვენ მას არ დავეთანხმეთ. ეს ჩვენი პროექტი არ იყო. ჩვენ უკან გავგზავნეთ ჩვენი კომენტარები“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

გასულ კვირას აშშ-ის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ განიარაღების წინადადება ღაზაში ომის დასრულების შესახებ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის გაგრძელებაა, რომელსაც ისრაელი გასულ შემოდგომას დათანხმდა. შესაბამისად, ისრაელს მხოლოდ 20-პუნქტიანი გეგმის დაცვა მოეთხოვება, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ტრამპი იერუსალიმით „ძალიან იმედგაცრუებული“ იქნება, თუ ის წინადადების წინსვლას დაბლოკავს.