ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ირანზე თავდასხმის განახლებას არ აპირებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელში 27 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე ირანზე პრევენციულ დარტყმას მხარს არ უჭერს. თუმცა მან თეირანი და მისი მოკავშირე ძალები გააფრთხილა, რომ ისრაელზე დარტყმისგან თავი შეიკავონ.
„ეს ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის, ეს არ ვარგა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიის რადიოსთან ინტერვიუში, როდესაც მას ჰკითხეს პრევენციული დარტყმის შესაძლებლობასა და მისი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებზე, თითქოს იგი არჩევნების წინ სამხედრო დაპირისპირებისკენ ისწრაფვის.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი ჩვენი მიმართულებით რაკეტებს ისვრის, მაინც მე დამადანაშაულებენ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი თეირანს მკაცრად უპასუხებს.
კითხვაზე, ეხმარება თუ არა ისრაელი საუდის არაბეთს ირანის მოკავშირე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმების წინააღმდეგ, ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ამ საკითხებში არ ვერევი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა ჩვენკენ იყურება ჩვენი მასშტაბური წარმატებისა და უდიდესი მიღწევების კვალდაკვალ“.