ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას აპირებდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვალში, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართულ პირველ შეხვედრაზე, მან აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირ უთხრა, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას აპირებდა.
ნეთანიაჰუმ გაიხსენა, რომ შეხვედრის დროს ტრამპს წარუდგინა გეგმები და მეოთხე სლაიდზე გადასვლისას უთხრა: „ძალიან გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებით. ფორდოს სახელით ცნობილ ადგილას არის ბუნკერი, შეგიძლიათ, ის დაბომბოთ. გაგვიხარდება, თუ ამას გააკეთებთ, ხოლო თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ და ეს უფრო რთული იქნება. გადაწყვიტეთ. ტრამპმა ეს მოისმინა, თუმცა გადაწყვეტილება მაშინვე არ მიიღო, ჩვენ განვაგრძეთ მოქმედება“.
ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ 2025 წელს ირანზე თავდასხმამდე „ირანი ბირთვული ბომბებით ისრაელის განადგურებას აპირებდა“.
ნეთანიაჰუს თქმით, მოჯთაბა ხამენეიმ „ბირთვული პროგრამის განახლება გადაწყვიტა“.
ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ მან ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს ირანის რეჟიმის დამხობა დაავალა.
„მე დავავალე, რომ აქ ერთადერთი გამოსავალი ფანატიკოსი რეჟიმის დამხობა იყო... მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს და მოსადს, რომ ეს არის მისია“, - დასძენს ისრაელის პრემიერი.