Loading data...
ბელგიის პრემიერი: ბელგია არ არის მზად, ე.წ. რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით რომელიმე წინადადებას დაუჭიროს მხარი

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ბარტ დე ვევერის განცხადებით, ბელგია არ არის თანახმა, რომ რუსული გაყინული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად იყოს გამოყენებული.

მისი თქმით, ბელგია ამჟამად არ არის მზად, რომ ევროკომისიის მიერ ე.წ. რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით რომელიმე წინადადებას დაუჭიროს მხარი.

„ჩვენ სწორ მხარეს ვართ, მზად ვართ მსხვერპლისთვის, მაგრამ უფასო ფული არ არსებობს. პუტინის ფული უფასო არ არის. მოქმედების თავისუფლება ასევე არ არის უფასო. ფული ხეს არ მოუსხამს. ეს არის ფული, რომელსაც სხვა რამეზე ვეღარ დახარჯავ. ჩვენ მზად ვართ ამ მსხვერპლისთვის. იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე მზად ვიქნებით გამოვაცხადოთ, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ მივაგენით პოლიტიკურ ენას, რომელიც მოგცემს საშუალებას, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ქვეყანას, რომელიც ათასობით მოქალაქეს კარგავს ყოველ დღეს საშინელ ომში, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა. 

მისი თქმით, ბელგიას სჭირდება მყარი გარანტიები, რომელიც უნდა გასცეს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ და ეს გარანტიები უნდა იყოს ძალაში, ვიდრე სასამართლო დავები გაგრძელდება.

ამასთან, როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, შესაძლო სასამართლო დავების ფარგლებში ხარჯების ანაზღაურება ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს.

„სიტყვიერი დაპირებები არაა საკმარისი, ვალდებულებები უნდა იყოს წერილობითი და შესასრულებლად სავალდებულო. მეორე პირობაა, რომ რისკი უნდა იყოს სრულად გაზიარებული, მათ შორის ბელგიის სახელმწიფოს პოტენციური პასუხისმგებლობის კუთხით, რუსეთთან ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დღესაც მოქმედებს“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რომ ე.წ. რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით სამართლიანი და სანდო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და მოხდება არა მხოლოდ ბელგიაში არსებული რუსული გაყინული აქტივების გამოყენება, არამედ სხვა ქვეყნებში.

„ჩვენ თუ გადავხტებით, სხვებიც უნდა გადახტნენ, ეს ნიშნავს სანდო და სამართლიან გამოსავალს, რომელიც უნდა გაცდეს ბელგიას და „ევროქლეარს“, უნდა გავრცელდეს სხვა ქვეყნებზეც, სადაც რუსეთის გაყინული აქტივები ინახება“, - დასძინა დე ვევერმა.