Loading data...
ბელგიის პრემიერ-მინისტრი: დარწმუნებული ვარ, ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს აღარ დაუბრუნდება

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ევროკომისია აღარ განაახლებს დისკუსიას Euroclear-ის დეპოზიტარიუმში არსებული გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დაფინანსებისთვის გამოყენების საკითხზე.

ბარტ დე ვევერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროკომისია უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაფარად ბელგიის ტერიტორიაზე შენახული გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ახალ წინადადებას არ წარადგენს.

„ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ეს უკვე ითქვა“, - განუცხადა მან პარლამენტის წევრებს. 

დე ვევერმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გამორიცხოს სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან რუსული აქტივების შესახებ დისკუსიის განახლების მცდელობა. მან გააკრიტიკა ნიდერლანდელი კოლეგა რობ იეტენი, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირმა რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს.

მისი თქმით, ზოგიერთ ახლად დანიშნულ ევროპელ ლიდერს არ მიუღია მონაწილეობა გასული წლის დებატებში და ახლა ისეთ არგუმენტებს ავრცელებს, რომელზეც ადრე უკვე უარი ითქვა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ევროპელი კოლეგები გააფრთხილა, რომ „ამ ტიპის ფორმულირებასაც“ შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.