ბელგიაში უკრაინელი ჯარისკაცის ცოლი და ქალიშვილი მოკლეს

ბელგიის ქალაქ ჰასროდში, მღვდლის სახლში უკრაინელი ჯარისკაცის ცოლი და ქალიშვილი მოკლეს, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პარასკევს, 6 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე სახლში ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდნენ და 46 წლის ქალის ცხედარი და მისი ჯერ კიდევ ცოცხალი, 6 წლის ქალიშვილი აღმოაჩინეს.
ექიმებმა ბავშვის გადარჩენა სცადეს, თუმცა ის მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, ორივე მსხვერპლი დანით იყო დაჭრილი. ხანძრის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი.
პროკურატურამ ორმაგი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ოჯახი ბელგიაში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 16 წლის ბიჭი ხანძრის დროს სკოლაში იმყოფებოდა. დაღუპული ქალის მეუღლე ამჟამად უკრაინაში იბრძვის.