ბელარუსის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს თოფი აჩუქა
ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ფხენიანში მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს თოფი აჩუქა. ამის შესახებ BBC წერს.
ორი ლიდერი შეთანხმდნენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე და დასავლეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე.
ბელარუსის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ლუკაშენკომ კიმს ხუმრობით უთხრა, რომ ავტომატური თოფი მიუტანა, „იმ შემთხვევაში, თუ მტრები გამოჩნდებიან“.
თავის მხრივ, კიმმა ლუკაშენკოს ხმალი და ვაზა აჩუქა, რომელზეც ბელარუსის ლიდერის პორტრეტი იყო გამოსახული.
„შემიძლია გითხრათ, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს, რომელმაც უკვე ყველაფერი ნახა ამ ქვეყნად: თქვენს ქვეყანას დიდი მომავალი ელის ამ შრომისმოყვარე, დისციპლინირებულ ხალხთან ერთად“, - განუცხადა ლუკაშენკომ კიმს.
ლუკაშენკომ მეგობრობის ხელშეკრულებას ფუნდამენტური უწოდა, კიმმა კი განაცხადა, რომ ის „ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურ განვითარებას კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს“.
ჩრდილოკორეული სააგენტო KCNA-ს ცნობით, ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ინფორმაციითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვით დამთავრებული.