BBC: რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსული საბრძოლო ავიაციის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას?

ესტონეთის მთავრობის ინფორმაციით, 19 სექტემბერს სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია და ყოველგვარი ნებართვის გარეშე 12 წუთის განმავლობაში ესტონეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. ფინეთის ყურის თავზე, ესტონეთის კუნძულ ვაინდლოოსთან „მიგ31“-ის ტიპის სამმა ავიაგამანადგურებელმა გადაიფრინა. BBC აქვეყნებს სტატიას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს ესტონეთისთვის, რუსეთისთვის და ნატოსთვის.
ამ ფაქტის შემდეგ ესტონეთმა ნატოს მიმართა და მეოთხე მუხლის ამოქმედება მოითხოვა, რომელიც კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე მკაცრი პასუხის გაცემა მოითხოვს.
იტალიის, ფინეთის და შვედეთის საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა. მათ საბრძოლო ავიაცია სასწრაფოდ ჰაერში ასწიეს. ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახეზეა რუსეთის უგუნური ქმედება და ნატოს მხრიდან რეაგირების უნარი.
რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფატი უარყო. თუმცა, ბოლო დროს ეს რუსეთის საფრენი აპარატების მიერ სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ რუსულმა უპილოტო აპარატებმა პოლონეთის და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ნატოს მხრიდან პასუხი ნებისმიერ პროვოკაციაზე უნდა იყოს ერთიანი და მტკიცე.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
„მე ეს რ მომწონს. მე არ მომწონს, როდესაც ასეთი რამე ხდება. ამას შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს“ - განაცხადა ტრამპმა.
ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე უკვე მეხუთედ დაარღვიეს. რუსულ თვითმფრინავებს ამ დროს ტრანსპონდერები გამორთული აქვთ, ასევე არ არსებობდა მათსა და ესტონეთის საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სამსახურს შორის რადიოკავშირი.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავები საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებდნენ და ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მიფრინავდნენ, კუნძულ ვაინდლოოდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი კრემლის სცენარით არ მიმდინარეობს. ახლა მოსკოვს სურს, რომ ნატომ, უკრაინის დახმარების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნების დაცვაზე გაამახვილოს ყურადღება
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკუს ცაჰხკნას მიაჩნია, რომ რუსეთის სტრატეგიაა მსგავსი ტიპის პროვოკაციების რაოდენობის გაზრდა. მოსკოვის ეს ქმედებები სამხედრო პასუხს არ საჭიროებს, მაგრამ მას შეუძლია ნატოს თავდაცვისუნარიანობისთვის დიდი ზიანის მიყენება.
სწორედ ამიტომ ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან ისმის მოწოდებები, რომ ალიანსმა რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. მათი აზრით, რუსეთი დილემის წინაშე უნდა დადგეს - პასუხი უნდა იყოს ისეთი, რომ მოსკოვი მიხვდეს - პროვოკაციებს შესაბამისი ფასი აქვს.
მაგრამ რა პასუხზეა საუბარი? როდესაც 2015 წელს რუსულმა თვითმფრინავმა სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ის ჩამოაგდეს, ხოლო პილოტი - დაიღუპა. ამას დიპლომატიური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვა, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი არ გამოუწვევია.
ახლა რომ ჩამოეგდოთ რუსული „მიგ“-ები? რა მოხდებოდა? რთული სათქმელია.
მნიშვნელოვანი იქნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქცია. სავსებით შესაძლებელია, რომ ის რუსული თვითმფრინავების განადგურებას, თუნდაც ნატოს საჰაერო სივრცეში, არასაჭირო ესკალაციად შეაფასებდა და მას დაგმობდა. უფრო მასშტაბური კონფლიქტის შემთხვევაში კი სრულიად შესაძლებელია, რომ ტრამპმა მასში ევროპა დაადანაშაულოს და აუცილებელ მომენტში მას არ დაეხმაროს.
ამ შემთხვევაში კი საკითხი მხოლოდ აღნიშნულ ინციდენტს გასცდებოდა და ეჭვქვეშ დადგებოდა ნატოს წესდების მე-5 მუხლი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ალიანსის ერთ ან რამდენიმე წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.
„ეს იქნებოდა საშინელი სცენარი ევროპისთვის და შესანიშნავი სცენარი კრემლისთვის. ამ შემთხვევაში ევროპული სახელმწიფოები სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე დადგებოდნენ, როდესაც წარმოდგენა არა აქვთ, თუ როგორი რეაგირება მოახდინონ მსგავს ინციდენტებზე“, - წერს BBC.