Loading data...
ბანდის ყოფილი ლიდერი დუეინ „კეფ დი“ დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს

ბანდის ყოფილი ლიდერი დუეინ „კეფ დი“ დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს - ეს პირველი გამამტყუნებელი განაჩენია გაუხსნელ საქმეში, რომლის გამოძიებასაც ჰიპ-ჰოპის მოყვარულები თითქმის 30 წლის განმავლობაში ელოდნენ. ამის შესახებ BBC წერს. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 63 წლის დევისი დამნაშავედ ცნო მკვლელობის საქმეზე, რომელიც უკავშირდება 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლის გახსნას, რასაც 25 წლის რეპის სუპერვარსკვლავის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, „South Side Compton Crips“-ის ქუჩის ბანდის ყოფილ ლიდერს დუეინ დევისს უშუალოდ არ განუხორციელებია გასროლა, თუმცა მან თავის ძმისშვილს ორლანდო ანდერსონს იარაღი მისცა და ცეცხლის გახსნა დაავალა. 

პროკურორებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ დევისმა სროლა შურისძიების მიზნით დაგეგმა მას შემდეგ, რაც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ლას-ვეგასში ანდერსონი შაკურსა და რეპერის გუნდთან მომხდარ ჩხუბში ჩაერია.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ დევისმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ საქმეში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს თავად დევისის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაჟღერებული აღიარება, რომ იგი იმყოფებოდა თეთრ კადილაკში, საიდანაც სასიკვდილო გასროლა განხორციელდა. 

მან ხელისუფლებას შაკურის მკვლელობაში თავისი როლის შესახებ 2008 წელს პოლიციის საიდუმლო დაკითხვის დროს უამბო, რომელიც რეპერ Notorious B.I.G.-ის (ნამდვილი სახელია კრისტოფერ უოლესი) მკვლელობას უკავშირდებოდა.

დევისმა თავისი როლის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა 2019 წლის მემუარებში - სახელწოდებით „კომპტონის ქუჩის ლეგენდა“.

თუმცა დევისმა თავისი წიგნითა და მედიასთან მიცემული ინტერვიუებით გააუქმა მის მიერ ხელისუფლებასთან დადებული დამცავი შეთანხმება, რომელიც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ბლოკავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის საქმეზე პოლიციისთვის მიცემული მისი ჩვენება მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

30 წლის განმავლობაში თუფაქის მკვლელობის საქმე აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ საქმედ რჩებოდა და მის ირგვლივ უამრავი კონსპირაციული თეორია არსებობდა. 

შაკურის მკვლელობა დაემთხვა აღმოსავლეთ სანაპიროს (East Coast) და დასავლეთ სანაპიროს (West Coast) ჰიპ-ჰოპის წარმომადგენლებს შორის მწვავე მეტოქეობისა და „Bloods“-ისა და „Crips“-ის ქუჩის ბანდებს შორის არსებული დაპირისპირებების პერიოდს, რომლებსაც იმ დროის ჰიპ-ჰოპ კულტურაში ღრმა ფესვები ჰქონდათ გადგმული.

25 წლის რეპერი თავისი კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, როდესაც მოკლეს. მან მსოფლიო მასშტაბით 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.