Loading data...
ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას პიტ ჰეგსეთს შეხვდნენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონში პენტაგონის მდივან პიტ ჰეგსეთს შეხვდნენ, რათა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებში თანამშრომლობა განეხილათ. ამის შესახებ ესტონური მედია იუწყება

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრები - ჰანო პევკური, ანდრის სპრუდსი და დოვილე შაკალიენე - ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

ისინი პენტაგონში ამერიკელ კოლეგას პიტ ჰეგსეთს შეხვდნენ, რათა განეხილათ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებში თანამშრომლობა. ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

„შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში მრავალი პასუხისმგებლობა აკისრია, მათ შორის ჩვენი სამშობლოს დაცვა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ომის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ არის ევროპის ლიდერობა საკუთარი კონტინენტის დაცვაში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ძალისხმევა ახალ სამხედრო შესაძლებლობებში ინვესტიციების ჩადების მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდასხმების შეკავებისა და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებისთვის.

„შეერთებული შტატები სრულად ერთგული რჩება ნატოს მიმართ და ჩვენ ერთად მივაღწევთ მშვიდობას ევროპაში ძალის მეშვეობით, შევქმნით პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების გზით, დავამყარებთ მდგრად შეკავებას და გავაძლიერებთ ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობებსა და ურთიერთქმედებას“, - განაცხადა მან.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს საერთაშორისო წვრთნების ორგანიზებისთვის, რომლებიც კოლექტიურ მზადყოფნას აძლიერებს.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა ევროპაში ნატოსთან თანამშრომლობით გადაიხედება.

„თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ ეს არ იქნება ევროპისთვის მოულოდნელი, რომ ერთ დილას არ გავიღვიძებთ და არ გავიგებთ, რომ აშშ-მა გადაწყვიტა, რომ ეს იქნება მისი სამხედრო პოზიცია ევროპაში. ეს ხდება ევროპული ძალების მეთაურთან და ნატოს შტაბ-ბინასთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა მან.

პევკურის თქმით, უფრო კონკრეტული ციფრები შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

„ეს ძალიან სწრაფად არ მოხდება. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ აშშ-ის ყურადღება სულ უფრო მეტად ინდოჩინეთის რეგიონზე გადადის“, - დასძინა მან.