ბაქოში სახელმწიფო უწყებებში სამუშაო დღე დილის 8 საათზე დაიწყება
15 სექტემბრიდან აზერბაიჯანის დედაქალაქის სახელმწიფო უწყებებში ორი თვით საპილოტე პროექტის ფარგლებში მუშაობის ახალი გრაფიკი ამოქმედდება. ამის შესახებ სააგენტო „რეპორტი“ იუწყება.
ახალი გრაფიკი იმოქმედებს სახელმწიფო ორგანოებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელიც ბაქოსა და მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
სამუშაო გრაფიკი შემდეგი სახით იმოქმედებს 08:00–17:00, 09:00–18:00 და 09:30–18:30. თითოეულში თანამშრომელთა 30% უნდა იყოს ჩართული. საპილოტე პროექტის პერიოდში შესაბამისი სამსახურები ტრანსპორტის დატვირთვას შეისწავლიან და საბოლოო წინადადებებს წარმოადგენენ.
ახალი გრაფიკის შემუშავებას ბაქოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს, რომელიც 2025-2030 წლებზეა გათვლილი და ის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაამტკიცა.