ბაიდენი მზადაა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტებს ხელი დაუყოვნებლივ მოაწეროს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოთქვა მზადყოფნა, კონგრესის მიერ დამტკიცების შემთხვევაში ხელი მოაწეროს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტებს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელი ირანის მხრიდან უპრეცედენტო თავდასხმების წინაშე დგას, უკრაინა კი რუსეთის მხრიდან მუდმივი დაბომბვის წინაშეა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დრამატულად გამწვავდა. წარმომადგენელთა პალატამ ეს პაკეტი ამ კვირაში უნდა მიიღოს, სენატმა კი სწრაფად უნდა გაითვალისწინოს ეს“, - დასძინა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კანონპროექტებს „დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს“, რათა „მსოფლიოს უთხრას: ჩვენ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან ერთად და არ მივცემთ ირანს, ან რუსეთს წარმატების მიღწევის საშუალებას“.