Loading data...
Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ ომთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამერიკელების უმეტესობას წარმოუდგენია, ომი შეიძლება, ძალიან მალე დაიწყოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ ომთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამერიკელების უმეტესობას წარმოუდგენია, ომი შეიძლება, ძალიან მალე დაიწყოს. წერს „აქსიოსი“.

გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ეს, სავარაუდოდ, აშშ-ისრაელის ერთობლივი კამპანია იქნება, რომელიც გაცილებით ფართო მასშტაბისაა, ვიდრე ისრაელის მიერ გასული წლის ივნისში წამოწყებული 12-დღიანი ომი.

მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, თუმცა უთანხმოება კვლავ დიდია და აშშ-ის ოფიციალური პირები ამ უთანხმოების დასრულების მიმართ ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი.

„აქსიოსის“ მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების განთავსებას ტრამპის მრჩევლები ბლეფად არ მიიჩნევენ. პარალელურად, ორმა ისრაელელმა ჩინოსანმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა უახლოეს დღეებში ომის სცენარისთვის ემზადება. ზოგიერთი ამერიკული წყარო „აქსიოსს“ ეუბნება, რომ აშშ-ს შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს.

სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დარტყმებამდე, შესაძლოა, რამდენიმე კვირაა დარჩენილი, თუმცა, ამბობენ, რომ ვადები შესაძლოა, უფრო მოკლე იყოს.

„უფროსს ყელში ამოუვიდა. მის გარშემო მყოფი ზოგიერთი ადამიანი აფრთხილებს მას ირანთან ომისგან თავის შეკავების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, 90-პროცენტიანი შანსია, უახლოეს კვირებში კინეტიკური მოქმედება ვიხილოთ“, - განაცხადა ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა.