Loading data...
Axios: ტრამპი ზელენსკის დაჰპირდა, რომ გაარკვევდა, თუ რატომ შეწყდა დახმარების მიწოდება

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გამოიძიებდა, ნამდვილად შეჩერდა თუ არა კიევისთვის სამხედრო დახმარება, - იუწყება Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

Axios-ის წყაროების ცნობით, პრეზიდენტებს შორის საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა და ძირითადად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებს დაეთმო.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან დარტყმების გაძლიერების ფონზე, აშშ-ს სურს, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა და ანონიმურმა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ და, როგორც ჩანს, დახმარების სურვილი გამოთქვა.

„ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ სურს დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვაში და რომ ის გადაამოწმებს, რა იყო შეჩერებული, თუ საერთოდ რამე შეჩერდა“, - წერს „აქსიოსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ ორივე ქვეყნის სპეციალიზებული ჯგუფების ცალკე შეხვედრაზე, რათა დეტალურად განიხილონ საჰაერო თავდაცვისა და ზოგადად იარაღის მიწოდების საკითხები.