Axios: სტარმერი უკრაინისთვის ახალი სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ტელეფონით დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში მონაწილე წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ზოგიერთი მათგანი ტრამპის პოზიციის აშკარა ცვლილებით გაოგნებული იყო.
„სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა, უკრაინისთვის ახალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესამუშავებლად, ღაზას სექტორისთვის ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის პრინციპით“, - წერს გამოცემა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპელ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შორის ამ შაბათ-კვირას სასწრაფო სატელეფონო შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა.
Axios-ი ასევე აღნიშნავს, რომ საუბრის შემდეგ მალევე ლიდერებმა უკრაინის მხარდამჭერი კოორდინირებული განცხადებების გაკეთება დაიწყეს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის გზაზე გერმანიისა და მისი მოკავშირეების სრული მხარდაჭერა აქვს.
„პრეზიდენტ ტრამპთან მისი შეხვედრის შემდეგ ჩვენ კოორდინაციაში ვართ და მხარს დავუჭერთ შემდეგ ნაბიჯებს. უკრაინას ახლა სამშვიდობო გეგმა სჭირდება“, - დაწერა მან X-ზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის წინაშე“ და ხაზი გაუსვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს მოიცავს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო პროცესს. მუშაობა გრძელდება. არავის სურს ამ ომის დასრულება ისე, როგორც უკრაინელებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
გამოცემა წერს, რომ ასეთი ერთსულოვანი განცხადებები „აშკარა ნიშანია იმისა, რომ ტრამპთან შეხვედრა წარმატებული არ ყოფილა“.