Axios: პუტინი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას ტერიტორიებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას, 28 დეკემბერს, მარ-ა-ლაგოში შეხვედრას გეგმავენ, რათა უკრაინაში ომის მოსაგვარებლად აშშ-ის სამშვიდობო გეგმა დაასრულონ.
Axios-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან გარღვევაზე მოწმობს. ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ზელენსკისთან პირად შეხვედრას მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდა, როდესაც შეთანხმება დასასრულს მიუახლოვდებოდა.
აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, რუსეთი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, როგორც წინაპირობას შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, მათ შორის სადავო ტერიტორიების ბედთან დაკავშირებით შესაძლო რეფერენდუმისთვის. ეს მეტყველებს კრემლის პოზიციის ცვლილებაზე, რომელიც ადრე ამტკიცებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო შესაძლებელი.
„რუსები, რომლებიც ადრე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა აღიარებენ, რომ მის გარეშე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
წყაროების ცნობით, აშშ და უკრაინა მომავალი შეთანხმების უმეტეს ელემენტზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე, შეთანხმდნენ. ვაშინგტონი მზადაა, სენატს წარუდგინოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ტექსტიც ნატოს წესდების მე-5 მუხლს ეფუძნება.
„თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, სამხედრო პასუხი იქნება და სანქციები ავტომატურად აღდგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მთავარ დაბრკოლებად რჩება რუსეთის მოთხოვნა, გააკონტროლოს მთელი დონბასი. აშშ-მა კონფლიქტის მხარეებს კომპრომისი შესთავაზა - ტერიტორიის ნაწილში დემილიტარიზებული „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ შეიქმნას.
უკრაინა, თავის მხრივ, ჯარების სიმეტრიულ გაყვანასა და რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.
ასევე, გრძელდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობის შესახებ - კიევი 60 დღემდე მოითხოვს, ხოლო მოსკოვმა შესაძლოა, უფრო მოკლე ვადა მოითხოვოს.