Loading data...
Axios: მაკრონი ჰორმუზის სრუტის დასაცავად ტრამპის კოალიციაში მონაწილეობას ამ დრომდე თავს არიდებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, საფრანგეთმა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო კოალიციაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს თანხმობა ჯერ არ მიუცია. ამის შესახებ Axios-მა საკუთარი წყაროებიდან შეიტყო.

ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანის წინააღმდეგ ომში თეთრი სახლისთვის მთავარ კრიზისად იქცა. სანამ სპარსეთის ყურის ნავთობი „ხაფანგშია“, ტრამპს არ შეუძლია ომის დასრულება და გამარჯვების გამოცხადება, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეს.

სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ კოალიციას შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრალია, კანადა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია. შეერთებული შტატები ასევე დაუკავშირდა იაპონიას და სამხრეთ კორეას.

ორი წყაროს ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავა მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფის ფორმირების გეგმა და ის აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანას გაუზიარა. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, იტალიისა და იაპონიის, ლიდერმა სამხედრო გემების გაგზავნა უკვე გამორიცხა.

15 მარტს ტრამპმა კოალიციაში გაწევრიანების საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა. ტრამპმა განაცხადა, რომ მაკრონის დახმარების სურვილი ამჟამად „10-დან 8“ არის. მან ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი კოალიციას შეუერთდება.

თუმცა, ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სტარმერი მონაწილეობის მისაღებად მზად არის, მაკრონი ამ საკითხზე ვალდებულების აღებას თავს არიდებს. „მაკრონს კატეგორიული „არა“ არ უთქვამს, მაგრამ ახლა ეს „არაა“, - განაცხადა მეორე წყარომ.

ბრიტანული პროექტი ჯერ არ წარუდგენიათ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებსაც ტრამპმა კოალიციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და, როგორც ჩანს, კოალიციის მუშაობის საკითხზე რაიმე კონსენსუსის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია. „არეულობაა. ბევრი ადამიანი დაბნეულია“, - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს „არ აქვს სურვილი“, შეუერთდეს ტრამპის ჰორმუზის კოალიციას. „ეს ევროპის ომი არ არის“, - განაცხადა მან.