Loading data...
Axios-ის ცნობით, G7-ის ლიდერების ონლაინ შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „დანებებას აპირებს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 მარტს ვირტუალურ შეხვედრაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს განუცხადა, რომ ირანი „დანებებას აპირებს“. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ტრამპმა ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შედეგებით დაიკვეხნა და მოკავშირეებს განუცხადა, რომ მან „მოაშორა კიბო, რომელიც ყველას გვემუქრებოდა“.

ამერიკელი ლიდერის თქმით, ირანი დანებებას აპირებს. მან ასევე მიანიშნა, რომ თეირანში არ დარჩენილა არც ერთი ოფიციალური პირი, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს. 

„არავინ იცის, ვინ არის ლიდერი, ამიტომ არავის შეუძლია კაპიტულაციის გამოცხადება“, - განაცხადა ტრამპმა, შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ორი მაღალჩინოსნის ცნობით.

წყაროების ცნობით, ყველა სხვა ლიდერმა ტრამპს ომის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სიტუაცია უმჯობესდება და კომერციულმა გემებმა ამ ტერიტორიაზე ოპერაციები უნდა განაახლონ.

წყაროების ცნობით, ტრამპი ომის დასრულების მიზნებსა და ვადებთან დაკავშირებით „ორაზროვანი“ იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავარი საკითხი, რომელზეც მუშაობს, ვადებია. მას ვადა არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ „ჩვენ სამუშაო უნდა დავასრულოთ“, რათა ხუთ წელიწადში ირანთან კიდევ ერთი ომი თავიდან ავიცილოთ.

ცნობისთვის, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ 12 მარტს პირველი საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. მან აღნიშნა, რომ შურს იძიებს ირანელი „მოწამეებისთვის“ და ომში ახალ ფრონტებს გახსნის, „სადაც მტერს მცირე გამოცდილება აქვს და ძალიან დაუცველია“. ხამენეიმ ასევე თქვა, რომ „ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ბერკეტის გამოყენება უნდა გაგრძელდეს“.