Loading data...
Axios: ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა

ირანმა შეერთებულ შტატებს ახალი სამშვიდობო წინადადება წარუდგინა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, ამავდროულად, თეირანი ბირთვული მოლაპარაკებების გადადებას სთავაზობს, - წერს Axios ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ირანის ახალი წინადადება, რომელიც აშშ-ს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა, პირველ რიგში ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული კრიზისისა და ამერიკული ბლოკადის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ამ წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა უფრო ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელდება, ან მხარეები ომის სამუდამოდ დასრულებაზე შეთანხმდებიან.

წინადადების თანახმად, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ მოგვიანებით ეტაპზე დაიწყება, მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ბლოკადა მოიხსნება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება იქნება მიღწეული.

Axios-ის ცნობით, თეთრმა სახლმა ეს წინადადება მიიღო, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, მზად არის თუ არა აშშ მის განსახილველად.

„ეს დელიკატური დიპლომატიური მოლაპარაკებებია და შეერთებული შტატები პრესის მეშვეობით არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეერთებული შტატები ფლობს კარტს და ის შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ამერიკელი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დადგება და ირანს არასდროს მიეცემა ბირთვული იარაღის ქონის უფლება“, - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ოლივია უელსმა Axios-ს.