Axios - „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კაია კალასმა და მარკო რუბიომ იკამათეს
27 მარტს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ჰკითხა, თუ როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კაია კალასის კითხვას რუბიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
წყაროების ცნობით, უკრაინაში არსებული სიტუაციის განხილვისას, კალასმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები.
კალასმა აღნიშნა, რომ გასულ წელს რუბიო მას „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღება დაჰპირდა.
„ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, - განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რუბიო კაია კალასის კითხვამ გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა.
„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით“, - უპასუხა რუბიომ კაია კალასს.