Axios: CIA-ს დირექტორმა მოსკოვში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის ინიციატივა წამოაყენა
გავრცელებული ცნობით, მოსკოვში საიდუმლო ვიზიტის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვის ინიციატივა წამოაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რეტკლიფის ვიზიტი ნაწილობრივ მიზნად ისახავდა იმის დადგენას, შეუძლიათ, თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს პუტინის დარწმუნება, გადადგას ნაბიჯი აშშ-ის შუამავლობით ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლებისკენ.
28 აგვისტოს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის მიაწოდეს ინფორმაცია მოსკოვში რეტკლიფის მოლაპარაკებებისა და სამმხრივი შეხვედრის ჩატარების წინადადების შესახებ.
წყაროების ცნობით, ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის უთხრეს, რომ რეტკლიფმა მოსკოვში ასევე განიხილა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა.