Axios: აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 6 თებერვალს სტამბოლში გაიმართება
თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შესაძლო ბირთვული შეთანხმების განსახილველად, სავარაუდოდ, პარასკევს, 6 თებერვალს, სტამბოლში შეხვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ Axios-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
გეგმებთან დაკავშირებით ინფორმირებული მესამე წყაროს თქმით, პარასკევის შეხვედრა „საუკეთესო სცენარია“, თუმცა აღნიშნა, რომ არაფერია საბოლოო, სანამ ის არ გაიმართება.
ეს იქნება აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის პირველი შეხვედრა მოლაპარაკებების ჩაშლისა და გასული წლის ივნისში 12-დღიანი ომის შემდეგ.
შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ზრდისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, რომ სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების ერთადერთი გზა სწრაფი შეთანხმებაა.
დაგეგმილი შეხვედრა თურქეთს, ეგვიპტესა და კატარს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამართული დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია.
ირანის სახელმწიფო მედია ასევე იტყობინება, რომ პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების განახლების ბრძანება გასცა.