Loading data...
ირანის პრეზიდენტმა აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების ბრძანება გასცა - ირანული მედია

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა შეერთებულ შტატებთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

წყაროს ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ პროგრამას შეეხება.

„აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების მიზნით თურქეთში შეხვდნენ ერთმანეთს“,  - იტყობინება „როიტერი“.

შეხვედრის საბოლოო თარიღი და ლოკაცია ჯერ განსაზღვრული არ არის. 

მანამდე კი, უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-მა ირანს განუცხადა, რომ მზადაა შეხვდეს და შეთანხმება განიხილოს. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა მოლოდინი, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების ჩარჩო უახლოეს დღეებში მზად იქნება.