Loading data...
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპმა პუტინს მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის 5 რეგიონი შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა

აშშ-ში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად „აჩუქა“ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ხუთი რეგიონი, მათ შორის ყირიმი, ასევე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვა - ყველაფერი ეს ომის დასრულების სახელით. თუმცა, პუტინმა ეს ვარიანტი უარყო, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაისინგერმა გერმანულ გამოცემა Welt- თან ინტერვიუში განაცხადა.

როდესაც ჰკითხეს, მისი აზრით, როდის შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მან აღნიშნა, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იქნებოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს ყირიმი და რამდენიმე აღმოსავლეთი რეგიონი, ასე ვთქვათ, გადასცა და ასევე გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრიანება. და რას აკეთებს პუტინი? ის აგრძელებს ქვეყნის წინააღმდეგ განადგურების ომს“, - განაცხადა მაინლ-რაისინგერმა.

ამავდროულად, მან კომენტარი გააკეთა ევროპაში გავრცელებულ ნარატივზე, რომ რუსეთს ფრონტზე „იმპულსი“ აქვს.

დიპლომატის აზრით, პუტინი ცდილობს, სანამ დროა, რაც შეიძლება მეტი უკრაინის ტერიტორია დაიპყროს.

„იმპულსი? დარწმუნებული არ ვარ. რუსეთი უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის. რუსეთში კუბოები გროვდება. ამას ემატება კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა. კრემლისთვის ამ ომის გაგრძელება სულ უფრო რთული ხდება. პუტინმა იცის, რომ დრო იწურება. სწორედ ამიტომ აწარმოებს ომს ასეთი სასტიკი ინტენსივობით“, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.