Loading data...
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს ნატოს წევრობას, მსგავსი დებატი მაინც ძალიან ნაყოფიერი შეიძლება იყოს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაისინგერმა განაცხადა, რომ ის ღიაა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის შესაძლო უარყოფისა და ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ საჯარო დისკუსიისთვის, - ამის შესახებ მან Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ერთი რამ აშკარაა: მხოლოდ ნეიტრალიტეტი ვერ გვიცავს. უფრო და უფრო ბუნდოვანი უსაფრთხოების ვითარებისა და მზარდად აგრესიული რუსეთის ფონზე, რაც ავსტრიას იცავს არის ჩვენსავე თავდაცვით შესაძლებლობებში, მაგრამ, ასევე, პარტნიორობებში, ინვესტიცია.

ფუნდამენტურად ძალზე ვემხრობი საჯარო დებატებს ავსტრიის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად პარლამენტსა და მოსახლეობაში უმრავლესობა მხარს არ უჭერს ნატოს წევრობას, მსგავსი დებატი მაინც ძალიან ნაყოფიერი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა ბეატე მაინლ-რაისინგერმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ავსტრია წვლილს შეიტანს ევროპის უსაფრთხოებაში.

„მსოფლიო შეიცვალა. თუმცა, პირდაპირ მინდა ვთქვა: ევროკავშირში ჩვენ უკვე გვყავს პარტნიორი, რომელიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დაგვიცავს. ამავდროულად, ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ევროპის უსაფრთხოებაში. ჩვენ ვაგზავნით ჯარისკაცებს ევროკავშირის მრავალ სამშვიდობო მისიაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფინანსურად, სამხედრო და პოლიტიკურად მხარი დავუჭიროთ საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას. ამ მხრივ, ავსტრიის ნეიტრალიტეტი უკვე შესამჩნევად შეიცვალა 1995 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ“, - აღნიშნა ბეატე მაინლ-რაისინგერმა.