Loading data...
ავსტრიის ერთ-ერთმა სკოლამ, პირველკლასელებს ანკეტაში ექვსი სქესის არჩევა შესთავაზა

ავსტრიის ქალაქ აბსდორფის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელებს ანკეტის შევსებისას 6 სქესიდან ერთ-ერთის არჩევა შესთავაზეს. ამის შესახებ exxpress.at იუწყება.

კერძოდ, სარეგისტრაციო ფორმაში წერია სქესების შემდეგი ვარიანტები: „კაცი“, „ქალი“, „სხვადასხვა“, „ღია“, „ინტერსექსი“ და „პასუხი არ მაქვს“. ამ ფაქტმა მშობლების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც საჩივრით რეგიონულ პარლამენტს მიმართეს.

ავსტრიის განათლების სამმართველო მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს. ეს ფაქტი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ რეგიონულმა განყოფილებამ მომხდარს „საგანგაშო მაგალითი“ უწოდა.

„მშობლები ამას აბსურდს და შეშლილობას უწოდებენ. ისინი მართლები არიან. როდესაც დაწყებითი სკოლა  იდეოლოგიურად დამუხტულ ასეთ ფორმებს უშვებს, ეს ნიშნავს, რომ, რაღაცა საფუძველშივე არასწორია“, - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა დანიელ ჰოლენშტაინერმა. მას მხარს უჭერს რეგიონული პარლამენტის წევრი ანდრეას ბორსი.

„როდესაც ბავშვებს ექვსი სქესიდან ერთ-ერთის არჩევა უწევთ, ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დადგან ჩვენს ბავშვებზე იდეოლოგიური ექსპერიმენტები რაიმე შეზღუდვის გარეშე“, - განაცხადა ანდრეას ბორსმა.

დეპუტატი ამ ფაქტს „რეალობიდან სრულიად მოწყვეტილ ამბავს“ უწოდებს.

„ეს არის წარმოუდგენელი გენდერული შეშლილობა და ის უნდა დასრულდეს“ , - ამბობს რეგიონული პარლამენტის წევრი. მისი თქმით, დაწყებითი სკოლა „არ არის პოლიგონი გენდერული მრავალფეროვნების იდეოლოგიების გამოსაცდელად“.

განათლების სამმართველო აცხადებს, რომ მსგავსი ფორმების შემუშავება თითოეული სკოლის საქმეა და ამასთან დაკავშირებით მკაფიო რეკომენდაციები არ არსებობს. სკოლის ხელმძღვანელობას კი ანტიდისკრიმანაციული კანონმდებლობა მოჰყავს.

აბსდორფის სკოლაში დაწესებული გენდერული ანკეტა, სავარაუდოდ, გადაიხედება, - წერს exxpress.at.