Loading data...
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავდა 643 ადამიანი - Reuters

3 ნოემბრის დილას ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა და ქალაქის ისტორიული ლურჯი მეჩეთი დაზიანდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 28 კმ სიღრმეზე, მაზარ-ე-შარიფთან ახლოს დაფიქსირდა, ქალაქთან, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 523 000 ადამიანს შეადგენს და ცნობილია თავისი სალოცავებითა და ისტორიული ადგილებით.

ავღანეთის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი და დაშავდა 643, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.

„ჩვენი სამაშველო და ჯანდაცვის ჯგუფები ადგილზე ჩავიდნენ და ყველა ახლომდებარე საავადმყოფო დაშავებულების სამკურნალოდ მზადყოფნაშია“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარფატ ზამანმა.