ატომური ელექტროსადგურის ავარიული გაჩერების თავიდან ასაცილებლად, უნგრეთმა დუნაის კალაპოტის შეცვლაში არმია ჩართო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურ „პაკშის“ მახლობლად, დუნაის ფსკერზე სპეციალური „ბარიერის“ მოწყობა იგეგმება, რათა მდინარეში წყლის დონის შემდგომი შემცირება არ დაუშვან და სადგურის მუშაობა შეფერხების გარეშე გაგრძელდეს.
მადიარის თქმით, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს. ბარიერი „პაკშსა“ და დუნასენტბენედეკს შორის აშენდება და მდინარის ორივე ნაპირს დააკავშირებს. პროექტისთვის თავდაპირველად 35 ათასი კუბური მეტრი ქვის გამოყენებაა დაგეგმილი, მოგვიანებით კი კიდევ 110 ათასი კუბური მეტრი იქნება საჭირო.
მთავრობის შეფასებით, ბარიერი რამდენიმე კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს, რომ ელექტროსადგურის გამაგრილებელ არხში წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულზე დაბლა არ დაეცეს. პროექტის წინასწარი ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდი ფორინტია.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება ორი 80-მეტრიანი ბარჟის ჩაძირვასაც გეგმავს, რამაც დუნაიში წყლის დონე შესაძლოა დაახლოებით 20 სანტიმეტრით გაზარდოს.
უნგრეთში ენერგიის დაზოგვის საგანგებო ზომები 6 აგვისტოს, ძლიერი სიცხის ფონზე ამოქმედდა. მადიარის განცხადებით, არსებული ენერგეტიკული კრიზისი ასევე დაკავშირებულია წინა ხელისუფლების მიერ ენერგეტიკის არასაკმარის დივერსიფიკაციასთან.