Loading data...
აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი ოლგა სტეფანიშინა უკანონო გამდიდრების საქმეზე ეჭვმიტანილად ცნეს

აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა უკანონო გამდიდრების საქმეზე ეჭვმიტანილად ცნეს. მის წინააღმდეგ მტკიცებულებები სასამართლოს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ წარუდგინეს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. 

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა.

თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისი ბრალეულობის დადასტურებას არ ნიშნავს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, ადრე სტეფანიშინა უკვე ეჭვმიტანილი იყო საქმეზე, რომელშიც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ოლენა ლუკაში ფიგურირებს. მას და სხვა ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ 2013–2014 წლებში უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად გამოყოფილი თანხების მითვისებაში. საქმე ამჟამად უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში განიხილება.