აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

18 ოქტომბერს აშშ-ის რამდენიმე ქალაქში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები იმართება ლოზუნგით „არავითარი მეფეები“, სადაც მისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას აპროტესტებენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის მასშტაბით მილიონობით ადამიანი პარკებსა და ცენტრალურ მოედნებზე შეიკრიბება, რათა გააპროტესტონ ტრამპის ადმინისტრაციის ავტორიტარული ქმედებები.
ორგანიზატორები, მათ შორის ცნობილი ლიბერალური ჯგუფები, აპირებენ, ღიად დაუპირისპირდნენ პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც, მათი თქმით, უფრო მეფის მსგავსად იქცევა, ვიდრე პრეზიდენტის მსგავსად.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ივნისში გამართული აქციების რიცხოვნობას გადააჭარბებენ, რომელზეც, მათი შეფასებით, შეკრებილთა რაოდენობამ ხუთ მილიონს მიაღწია. ქვეყნის მასშტაბით 2500-ზე მეტი მიტინგი და ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, დედაქალაქ ვაშინგტონში 100 ათასი ადამიანის მონაწილეობაა მოსალოდნელი.
დემონსტრაციები მთავრობის მუშაობის შეჩერების, საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის ოპერაციების და აშშ-ის ქალაქებში ფედერალური ჯარების განლაგებასთან დაკავშირებული შეტაკებების ფონზე ტარდება.