აშშ-ში ნაწილობრივი შათდაუნი მოხდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფინანსების არარსებობის გამო მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება, (შათდაუნი) მოხდა. ამის შესახებ forbes იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სენატმა ფედერალური უწყებების დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ნაწილობრივი შათდაუნი მაინც მოხდა. კანონს წარმომადგენელთა პალატაამაც უნდა დაუჭიროს მხარი. ის კი მუშაობას 2 თებერვალს განაახლებს.
„დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსების კანონპროექტის გადახედვა მოითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქ მინეაპოლისში 24 იანვარს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს. 7 იანვარს კი საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ამავე ქალაქში 37 წლის რენე გუდი მოკლა. ამ ფაქტებს აშშ-ში მასიური პროტესტები მოჰყვა.
სენატმა 30 იანვარს მხარი დაუჭირა 5 კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც სექტემბრის ბოლომდე პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა უწყებების დაფინანსებას ითვალისწინებს. რაც შეეხება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს, მას დაფინანსება მხოლოდ 2 კვირით გაუგრძელდა.
სენატორები და კონგრესმენები ამ დროს გამოიყენებენ, რათა საიმიგრაციო კონტროლის სფეროში შეზღუდვები დაწესდეს. სწორედ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროში შედის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია, ასევე საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები.