Loading data...
აშშ-ში Meta 25 მლრდ დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ფლობს, საქმიანობის პერიოდში რეკორდული, 25 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ნიუ-მექსიკოს სასამართლოს სხდომა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლომ Meta დამნაშავედ ცნო იმაში, რომ წლების განმავლობაში Facebook-ის მომხმარებელს ატყუებდა, თუ როგორ იყენებდა მათ მონაცემებს.

მოსამართლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ტყუილი Facebook-ის საქმიანი პრაქტიკის საფუძვლებს ეხება.

Meta-ს მთავარმა იურისტმა სი ჯეი მაჰონიმ განაცხადა, რომ ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამ შტატში საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. კომპანია სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს.

სარჩელი, რომელიც Meta-ს წინააღმდეგ სასამართლოში იყო შეტანილი, იმ პერიოდს ეხება, როდესაც ის ჯერ კიდევ Facebook-ის ბრენდით საქმიანობდა. სკანდალი Cambridge Analytica-ს სახელით არის ცნობილი.

ეს ფირმა Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის მონაცემებს იყენებდა პოლიტიკური კონსალტინგის მუშაობის სფეროში და ეს საქმიანობა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირდება, როდესაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-ს სიცრუის გამო ნიუ-მექსიკოს მთელი შტატის მოსახლეობა, დაახლოებით 2 მლნ ადამიანი დაზარალდა. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ შტატის კანონები 40 მილიონჯერ დაარღვია. ეს პროცესი 2010-2021 წლებში, ანუ 11 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ძალზე დიდი ხნის განმავლობაში ტექნოლოგიური კომპანიები ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ მასშტაბზე და გავლენაზე კანონი არ ვრცელდება. დღევანდელი შედეგი აჩვენებს, რომ არც ერთი კორპორაცია არ არის ისეთი ძლიერი, რომ პასუხი არაფერზე არ აგოს“, - განაცხადა ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა რაულ ტორესმა.

შტატის იურისტები Meta-ს წინააღმდეგ 40 მლრდ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაწესებას ითხოვდნენ. Meta კი აცხადებს, რომ 3,4 მლრდ დოლარზე მეტი ჯარიმა არაკონსტიტუციურია.

ჯარიმების მიუხედავად, Meta ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავს, რათა AI-ის განვითარებაში სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ჩამორჩეს.

კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ Meta-ს ხელოვნური ინტელექტი, ინსტრუმენტი Muse უკვე 10 მლნ ადამიანი იყენებს.

Muse-ის განვითარებაში, რაც, ცუკერბერგის თქმით, სტრატეგიული ამოცანაა, Meta მხოლოდ მიმდინარე წელს 135 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.