Loading data...
აშშ-ში გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ირანთან ომი - შეცდომაა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანთან ომის საკითხზე სკეპტიკური დამოკიდებულება მატულობს. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ამ ომის დაწყება შეცდომა იყო. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

როგორც Washington Post /ABC News/Ipsos-ის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გამოკითხულთა 59%-მა შეცდომა უწოდა. ეს დაახლოებით შეესაბამება 2006 წელს ერაყში ამერიკის სამხედრო კამპანიის, და ვიეტნამში ომის მიმართ 1960-იან წლებში ამერიკელთა დამოკიდებულებას.

ყველაზე მეტად ირანის წინააღმდეგ ომს აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ მომხრეები ეწინააღმდეგებიან - 90%. ნეიტრალურ ამომრჩეველს შორის ომის წინააღმდეგია 71%, ხოლო „რესპუბლიკელების“ მომხრეებს შორის - ომს 19 პროცენტი ეწინააღმდეგება.

აშშ-ის მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით რესპონდენტთა პოზიცია გაიყო. 48%-ს მიაჩნია, რომ შეერთებულმა  შტატებმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა გააფორმოს. 46% კი ამბობს, რომ ვაშინგტონმა თეირანზე ზეწოლა უნდა გააგრძელოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საბრძოლო მოქმედებების განახლებას გამოიწვევს.

ბენზინზე ფასის ზრდა ასევე მოქმედებს ამერიკელთა ჩვეულ ცხოვრებაზე. 44%-მა განაცხადა, რომ ავტომობილით გადაადგილება შეამცირა, ხოლო 42%-მა საცხოვრებლის შენახვის ხარჯები შეამცირა, 34%-მა მოგზაურობის გეგმები შეცვალა.