Loading data...
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ფლავიო ბოლსონარუმ თავი ბრაზილიის კანონიერ ლიდერად გამოაცხადა

შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ სენატორმა ფლავიო ბოლსონარუმ, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხდა, თავი ბრაზილიის კანონიერ ლიდერად გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ გახდა „საარჩევნო გადატრიალების“ მსხვერპლი, რომლის უკანაც ქვეყნის უზენაესი სასამართლო და პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა დგანან. ამ უკანასკნელმა არჩევნებში 4 მილიონზე მეტი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა.

ბოლსონარუმ ბრაზილია მას შემდეგ დატოვა, რაც უარი თქვა უზენაესი სასამართლოს განკარგულების შესრულებაზე, ჩაებარებინა თავისი პასპორტები. სასამართლოს მოთხოვნა უკავშირდება ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, თუმცა ბოლსონარუ რაიმე სახის დარღვევის ჩადენას უარყოფს.

ბრაზილიიდან ფლავიო მაიამიში ჩავიდა. მან მადლობა გადაუხადა არგენტინის ლიდერს ხავიერ მილეის გამგზავრებაში დახმარებისთვის, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს — მისთვის და მისი ოჯახისთვის ქვეყანაში შესვლისთვის ვიზების გაცემისა და თბილი მიღებისთვის.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ბოლსონარუმ საკუთარი თავი „არჩეულ პრეზიდენტად“ გამოაცხადა. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა და სხვა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის ბრაზილიის კანონიერი „ლიდერია“.

„მინდა, ვუთხრა არა მხოლოდ ჩემს 60 მილიონ ამომრჩეველს, არამედ ბრაზილიელ ხალხსაც, რომ ლიდერი მე ვარ, ხოლო დამნაშავეები, რომლებმაც ბრაზილიის არჩევნები მიიტაცეს, იმ კრიმინალური ორგანიზაციის ნაწილი არიან, რომელმაც ტირანია დაამყარა“, — განაცხადა მან განახლებულ ვერსიაში.

როდესაც რეპორტიორებმა „ენდრიუსის“ გაერთიანებულ ბაზაზე ტრამპს ბოლსონარუს განცხადებების შესახებ ჰკითხეს, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი მოსაზრება, რომ ეს „ძალიან უცნაური არჩევნები“ იყო.