Loading data...
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ოსლოში გაიმართება

აშშ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანთან მოლაპარაკებებს გეგმავს. როგორც Axios იუწყება, შეხვედრა მომავალ კვირაში, ოსლოში უნდა შედგეს. 

მედიაში გავრცელებული ცნობით, საბოლოო თარიღი ჯერ დადგენილი არაა, თუმცა ეს იქნება პირველი პირდაპირი მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ თვეში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო დარტყმა განახორციელა. 

როგორც ვარაუდობენ, შეხვედრა თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის უნდა შედგეს. სანამ ინფორმაცია გავრცელდებოდა, მედიაში ბევრს წერდნენ, რომ ორ ოფიციალურ პირს შორის კომუნიკაცია არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როცა ისრაელსა და ირანს შორის, 12-დღიანი ომი მიმდინარეობდა. ასევე, იწერებოდა რომ შუამავლები ომანისა და კატარის წარმომადგენლები იყვნენ. 

ომის დასრულების შემდეგ, ირანი თავს იკავებდა აშშ-თან კომუნიკაციისგან, თუმცა პოზიცია დროთა განმავლობაში, შერბილდა. 

მართალია, გაეროში ირანის მისია მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს, თუმცა სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ მომავალი შეხვედრის მთავარი თემა ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი იქნება, რომელიც, დაახლოებით, 400 კილოგრამია. 

ცნობილია ისიც, რომ ისრაელისა და ამერიკისგან მიყენებული დარტყმების შემდეგ, ირანს ამ ეტაპზე, მარაგზე წვდომა არ აქვს, მაგრამ მისი აღდგენა სრულად შესაძლებელია, ნანგრევების გაწმენდის შემდეგ.