Loading data...
აშშ რუსეთის მოსაზღვრე ევროპული ქვეყნებისთვის უსაფრთხოების დაფინანსების ნაწილს შეამცირებს - Financial Times

შეერთებული შტატები გეგმავს, თანდათანობით გააუქმოს რუსეთის საზღვარზე განლაგებული ევროპული არმიებისთვის უსაფრთხოების დახმარების პროგრამები, რათა ამ ხარჯების ტვირთი ევროპაზე გადაიტანოს. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს დაფინანსების შემცირებას ე.წ. 333-ე მუხლის მიხედვით, რომელიც პენტაგონს საშუალებას აძლევს, აშშ-ის მოკავშირეებს წვრთნები და სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს.

333-ე მუხლის სახსრები დამტკიცებულია კონგრესის მიერ და დაფინანსება ჯერჯერობით 2026 წლის სექტემბრის ბოლომდეა გამოყოფილი, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას დამატებითი თანხები არ მოუთხოვია, იუწყებიან FT-ის წყაროები.

აშშ-ის სენატში გამოცემის წყაროების ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს „ასობით მილიონი დოლარის“ შემცირება, რომელსაც აშშ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებს უგზავნის.

პენტაგონის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩებს დაფინანსების შემცირების შესახებ აცნობეს.

„ევროპის მთავრობები გაკვირვებულები იყვნენ განცხადებით და ვაშინგტონისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვენ, განაცხადა ორმა დიპლომატმა, რომლებსაც დისკუსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ“, - იტყობინება Financial Times-ი.

ერთ-ერთმა დიპლომატმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროპაში ასევე ცდილობენ, შეაფასონ აშშ-ის გადაწყვეტილების პოტენციური შედეგები და განსაზღვრონ, შეძლებენ თუ არა ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოყოფილი ამერიკული სახსრების კომპენსირებას.

თავის მხრივ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეესაბამება ტრამპის მცდელობებს, „გადახედოს და გადაანაწილოს“ აშშ-ის საგარეო დახმარება.

„ეს ქმედება კოორდინირებული იყო ევროპულ ქვეყნებთან პრეზიდენტის დიდი ხნის აქცენტით, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს“, - აღნიშნა მან.