აშშ პუერტო-რიკოზე სამხედრო ბაზას აღადგენს
ამერიკის შეერთებულ შტატებს პუერტო-რიკოზე მიტოვებული სამხედრო ბაზის აღდგენა აქვს დაწყებული. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რომ მუშები ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების აღდგენით სამუშაოებს ატარებენ. იქ ასფალტის დაგება ხდება.
ამავდროულად, აშშ პუერტო-რიკოს სამოქალაქო აეროპორტების მახლობლად და კუნძულ სენტ-კრუაზე ობიექტების განახლებას ახორციელებს. სენტ-კრუა ვენესუელიდან დაახლოებით 800 კმ-ში მდებარეობს.
Reuters აღნიშნავს, რომ ეს სამუშაოები აშშ-ის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის მზადებას შეიძლება ნიშნავდეს. პარალელურად ის ნიკოლას მადუროს რეჟიმისთვის ძალის დემონსტრირებას და დაშინებას შეიძლება ნიშნავდეს.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან აშშ კარიბის ზღვაში იმ გემების წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებს, რომლებსაც, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, შეერთებულ შტატებში ნარკოტიკები გადააქვთ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ნარკობიზნესის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს. ამის მიუხედავად, მედია იუწყება, რომ თეთრმა სახლმა, თითქოს, ოპერაციის გეგმა უკვე შეათანხმა.