Loading data...
აშშ მომავალ კვირას უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადებს - CNN

შეერთებული შტატები მომავალ კვირას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადებს, თუმცა ვაშინგტონი, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის მიწოდებას გადადებს, პენტაგონის საწყობებში იარაღის დეფიციტის გამო. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ეს პაკეტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ბოლო დახმარებები, რომლებიც 200 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. სავარაუდოდ, ის მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვა იარაღს, რომლებიც „სამხედრო ოპერაციების წარმართვისთვის გადამწყვეტია“.

პენტაგონის ცნობით, შეერთებულ შტატებს ამჟამად 5,9 მილიარდი დოლარი აქვს დარჩენილი პრეზიდენტის მიერ უკრაინის შეიარაღების შემცირების უფლებამოსილების ფარგლებში, რომელსაც ვადა ეწურება ფისკალური წლის ბოლოს ორ კვირაზე ნაკლებ დროში. ეს უფლებამოსილება პენტაგონს საშუალებას აძლევს, შეიარაღება უშუალოდ აშშ-ის მარაგებიდან აიღოს და უკრაინაში გაგზავნოს. სწორედ ამ გზით აწვდიდა აშშ კიევს იარაღისა და აღჭურვილობის უმეტეს ნაწილს.

„საპრეზიდენტო შემცირების პაკეტები თავდაპირველად გამიზნული იყო, როგორც უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების საშუალება რუსეთთან ომის დაწყებიდან მოკლევადიან პერიოდში. ზოგიერთი პაკეტი უკრაინაში გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა, რაც აშშ-ს საშუალებას აძლევდა, უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა სწრაფად მიეწოდებინა“, - აღნიშნავენ ჟურნალისტები.

ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მცირე პაკეტებს აწვდის, რადგან პენტაგონის იარაღისა და აღჭურვილობის მარაგი შემცირდა. თუმცა შეერთებულმა შტატებმა ახლა შესაძლოა, სხვა მიდგომა გამოიყენოს და გამოაცხადოს სამხედრო დახმარების დიდი პაკეტები, რომელთა მიწოდებას თვეები დასჭირდება.