Loading data...
CNN: აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს

პენტაგონის იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მარაგი მცირდება. აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს, რადგან პენტაგონში შიშობენ, რომ შეიარაღების საკუთარი მარაგები ამოეწურებათ, - ამის შესახებ CNN ორ ანონიმურ ამერიკელ პირზე დაყრდნობით წერს.

თანამოსაუბრეების თქმით, ამერიკელი იარაღის მწარმოებლები ცდილობენ დაეწიონ იმ უზარმაზარ მოთხოვნას, რომელიც შეიქმნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით. თუმცა ამერიკელები შიშობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გამო, შესაძლოა, თავად ამერიკის სამხედრო მზადყოფნის ხარისხი დაზარალდეს.

გამოცემის ცნობით, აპრილში პენტაგონმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, თუმცა ვერცერთმა პაკეტმა 400 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბა, ზოგი კი 125 და 250 მილიონ დოლარსაც არ სცდებოდა.

ამავდროულად, 2022 და 2023 წლებში სამხედრო დახმარების ოდენობა რეგულარულად იყო 600 - 800 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში. ყველაზე დიდი პაკეტი გამოცხადდა 2023 წლის იანვარში - 2,85 მილიარდი დოლარი.

ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს 6 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის, მაგრამ პენტაგონს არ აქვს საკმარისი მატერიალური რესურსი.

„შევსებაც პრობლემაა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

სხვა წყარომ აღნიშნა, რომ თეთრმა სახლმა ვერ მიიღო პენტაგონისგან მარაგები 2024 წლის პირველ ოთხ თვეში, რადგან კონგრესმა გადადო დამატებითი დაფინანსების დამტკიცება.

მან დასძინა, რომ აშშ ცდილობს ერთდროულად არ გააგზავნოს ძალიან ბევრი იარაღი.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, შეერთებული შტატები კვლავ ცდილობს ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოაცხადოს დახმარების ახალი პაკეტი.

გამოცემამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს 155 მმ-იანი ჭურვების, პატრიოტის სისტემების და სხვა იარაღის წარმოებას როგორც უკრაინისთვის, ასევე თავისთვის, მაგრამ ეს მრავალწლიანი პროცესია.

ჟურნალისტების მიერ მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე აშშ ყოველთვიურად აწარმოებდა 15 000 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს. ახალი ქარხნების გახსნით, ეს რიცხვი თვეში 40 000-მდე გაიზარდა, მაგრამ პენტაგონს სჭირდება წელიწადზე მეტი, რათა მიაღწიოს მიზანს - თვეში 100 000.