„აშშ მოგებას იღებს, ჩვენ ფულს ვხარჯავთ“ - სიკორსკის განცხადებით, ევროპა უნდა მონაწილეობდეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში. აღნიშნულის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღშფოთებულია ევროპელების მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობის ნაკლებობის გამო, რომელიც წელს სამმხრივ ფორმატში გააქტიურდა. ბოლოს და ბოლოს, სიკორსკის თქმით, ევროპა უკრაინის თავდაცვის ხარჯების უმეტეს ნაწილს ფარავს.
„ჩვენ ვიხდით ომისთვის და ყოველთვის სრულ ინფორმაციასაც კი არ ვფლობთ. ჩვენ რეალურ ფულს ვხარჯავთ, აშშ კი მოგებას იღებს ამ ომიდან“, - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა და იმ ინიციატივაზე მიუთითა, რომლის მეშვეობითაც ნატოს ქვეყნები აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღს ყიდულობენ.
სიკორსკის თქმით, ევროკავშირმა უკრაინის თავდაცვაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში 200 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა და შემდგომში ახალი სესხის ფარგლებში კიდევ 90 მილიარდს გამოყოფს.