Loading data...
აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა. აღნიშნულის შესახებ CNN-ი აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

ტანკერს, რომელიც თავდაპირველად Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-მა 2024 წელს სანქციები დაუწესა „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შემადგენლობაში მოქმედების გამო, რომლებსაც უკანონო ნავთობი გადაჰქონდათ.

ტანკერის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად Reuters-მა გაავრცელა. სააგენტოს წყაროების ცნობით, ოპერაცია სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერის დაკავება გასულ თვეში სცადა, როდესაც ის ვენესუელას მახლობლად იმყოფებოდა, თუმცა აშშ-ის ძალებმა მასზე ასვლა ვერ შეძლეს, რადგან გემი გაბრუნდა. 

ღია წყაროებიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აშშ-მა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მცურავი გემის დევნა განაგრძო. აშშ-ის P-8 სადამკვირვებლო თვითმფრინავები ინგლისში, მილდენჰოლის სამეფო საჰაერო ძალების ბაზებზე განლაგდნენ, რათა ტანკერის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე თვალყური ედევნებინათ მისთვის, როდესაც ის ჩრდილოეთისკენ და დიდი ბრიტანეთის სანაპიროს გავლით მიემართებოდა.

დევნის დროს ტანკერის ეკიპაჟმა კორპუსზე რუსული დროშა დახატა და განაცხადა, რომ ის რუსეთის მფარველობის ქვეშ მიცურავდა. მალევე გემი რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში ახალი სახელით - „მარინერა“ - გამოჩნდა. რუსეთმა გასულ თვეს ოფიციალური დიპლომატიური თხოვნით მიმართა აშშ-ს, შეეწყვიტა გემის დევნა.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია არ აღიარებს ტანკერის რუსულ სტატუსს და მას „არასახელმწიფოებრივად“ მიიჩნევს.

CNN-ის ცნობით, აშშ-მა ტანკერის დაკავებამდე დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღჭურვილობა გადაიტანა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეს ვენესუელაში შემავალ და ქვეყნიდან გამავალ სანქცირებულ ნავთობტანკერებზე „სრული ბლოკადა“ გამოაცხადა, როგორც ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს რეჟიმზე ზეწოლის საშუალება.

აშშ-მა 3 იანვარს ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს მადურო კარაკასში დააკავა და აშშ-ში გადაიყვანა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ბლოკადას, როგორც „ბერკეტს“ ვენესუელის დროებით მთავრობაზე.