აშშ-მა სირიის პრეზიდენტი ტერორისტთა სიიდან ამოიღო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ტერორისტების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს არის მძლავრი პოლიტიკური სიგნალი, რომელიც „ახალ ეტაპზე სირიის გადასვლას ადასტურებს“.
„სირიის ახალი მთავრობა პრეზიდენტს ალ-შარაას ხელმძღვანელობით ყველა ღონეს იყენებს, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგული ამერიკელების მოძიება მოხდეს, რომლებიც ასრულებდნენ ტერორიზმთან და ნარკობიზნესთან ბრძოლის დავალებას, ებრძოდნენ ქიმიური იარაღის ნარჩენებს და ხელს უწყობდნენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
10 ნოემბერს სირიის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტით უნდა ჩავიდეს. იგეგმება, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ის ხელს მოაწერს შეთანხმებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის კოალიციასთან სირიის მიერთების შესახებ.
6 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას და ქვეყნის შს მინისტრს ანას ჰატაბს სანქციები მოუხსნა. ისინი სანქციების სიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ქაიდასთან“ კავშირების გამო მოხვდნენ. აშშ-ის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 14-მა მხარი დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის რუსეთიც იყო. ჩინეთმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავა.